ახალი ამბები
"გემუანი" უმსხვილესი კომპანია Nestle-ს მიმწოდებელი გახდა
ზუგდიდში, სოფელ ზედაეწერში მდებარე კომპანია "გემუანი" კვების მრეწველობაში უმსხვილესი შვეიცარიული კომპანია Nestle-ს პარტნიორია. "გემუანის" ხარისხის მართვის მენეჯერის  ედუარდ ფარცვანიას თქმით, საქართველოში მოყვანილი და მათ საწარმოში სუბლიმაციური შრობის მეთოდით მიღებული ხილის (კრისპი) პირველი პარტია უცხოურ კომპანიას გასული წლის ბოლოს მიაწოდეს. მისივე თქმით, მანამდე იყო ხანგრძლივი მოლაპარაკებები და კომპანიის არაერთი შემოწმება.

"მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ ჩვენი წარმოების მაღალ ხარისხში წამოვიდა შეკვეთები. იმის თქმა შემიძლია, რომ გაგზავნილი პროდუქტის მოცულობა არ არის მცირე. უკვე სამი პარტია გავაგზავნეთ  და რა თქმა უნდა თანამშრომლობა გაგრძელდება", - თქვა ედუარდ ფარცვანიამ.

შპს "გემუანი" მდებარეობს ზუგდიდში, ზედაეწერში საკუთრებაში აქვს კივის პლანტაციები და ხილის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც საკუთარი და სხვა რეგიონებიდან მიღებული ხილისგან, გაყინვით შრობის მეთოდით აწარმოებს მშრალი ხილის ჩიფსებს, რომელიც არ შეიცავს დანამატებს, დამატკბობლებსა და კონსერვანტებს.

კომპანიას აქვს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) აღიარება, ხოლო USAID- ის REAP- ის მხარდაჭერით, მიღებული აქვს GLOBAL G.A.P-ის სერტიფიკატი. გარდა ამისა, 2018 წელს, TÜV HELLAS (TÜV NORD) ს.ს. პროცედურების შესაბამისად, კომპანამ მიიღო სერტიფიცირება, იმისთვის, რომ შპს “გემუანი” იყენებს სურსათის უვნებლობის მართვის სისტემას (IFS) ხილისა და ბოსტნეულის გაყინვისა და გაყინვით შრობისთვის.


Print