ახალი ამბები
გიგი უგულავამ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო (ვიდეო)
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში გიგი უგულავა ამომრჩევლებს და მხადამჭერებს პარტიის ოფისში შეხვდა. მან შეკრებილებს უთხრა, რომ ის აქ გამარჯვებისთვის ჩამოვიდა და ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ.
"ჩვენი მთავარი სამიზნე და ზუგდიდელების მთავარი სამიზნე, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქის, არის ერთი ადამიანი, უნდა ვიბრძოლოთ ერთად ერთის წინააღმდეგ, ამ ადამიანის სახელი არის ივანიშვილი. მან მიიტაცა ჩვენი ქვეყანა, მან მიიტაცა ზუგდიდი, სამეგრელო და მთავარი პოლიტიკური ამოცანა არის სწორედ ის რომ ხელიდან ამოვაცალოთ ამ რუს ოლიგარქს პირველ რიგში ზუგდიდი, სამეგრელო და შემდეგ მთელი ქვეყანა. მე ვარ ამისთვის მზად, ვთვლი, რომ ზუგდიდში იქნება ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი, იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას ესმის, რომ ზუგდიდში გამარჯვება ნიშნავს, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებაში მოსვლას, ისევე როგორც ზუგდიდში დამარცხება ნიშნავს, ადრე თუ გვიან, ხელისუფლების დაკარგვას. ამიტომ ივანიშვილი აქ ყველა სიბინძურეზე წავა, მე მაქვს მასთან ბრძოლის გამოცდილება, აბსოლუტურად არაძალადობრივი, მე რამდენჯერმე მას ვყავდი პირად პატიმრად, მაგრამ საბოლოო ჯამში სანთელ-საკმეველი გზას ყოველთვის იკვალავს და გამარჯვება ყოველთვის ხდება იქ, სადაც არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ ივანიშვილმა გადააგდო მთელი ქვეყანა და ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენ უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი და აქედან დაიწყება პირველ რიგში სწორედ ეს. ვთვლი, რომ ვინც არ უნდა დადგეს, მე ვიქნები ოპოზიციის მთავარი კანდიდატი ზუგდიდში. მინდა მოვუწოდო კოლეგებს, ბუნებრივია, მხარდაჭერისკენ, მაგრამ ასევე ბუნებრივია, მზად ვარ კონკურენციისთვის", - თქვა უგულავამ.

ის ზუგდიდელებს ცვლილებებს და კეთილდღეობას ჰპირდება.

"ზუგდიდელებს სჭირდებათ მშვიდობა და კეთილდღეობა. ამ ყველაფრის გასაღები არის ცვლილებებში. ცვლილებების გარეშე ჩვენ ეკონომიკას ვერ დავძრავთ ადგილიდან. განსაკუთრებით ამ პოსტ-პანდემიურ პირობებში, ამიტომ, ცვლილებები არის პირველი საფუძველი იმისა, რომ ეს ჭაობი დაიძრას, გაიწოვოს, ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს", - აღნიშნა მან.

„ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი 3 აგვისტოს თბილისში, 9 აპრილის ბაღში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.

Print