ახალი ამბები
პენსიის გაცემის თარიღები იცვლება
საქართველოში პენსიონერები პენსიას თვის პირველიდან 14 რიცხვის ჩათვლით აიღებენ. ცვლილების შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმა განაცხადა. გახარია ამბობს, რომ პენსია შესაბამისი განრიგის მიხედვით გაიცემა, რომელსაც ბანკი უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, ცვლილების მიზანი ბანკების ფილიალებთან მობილობისა და რიგების შემცირებაა.

„მოგეხსენებათ, რომ პენსიები პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში და ეს მუდმივად ბანკების ფილიალებში, განსაკუთრებით „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში დისკომფორტისა და რიგების საბაბი იყო, თუმცა, პანდემიის პირობებში, ეს დისკომფორტის გარდა, მაღალი რისკის მატარებელია ეპიდემიის გავრცელებისთვის. ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, ამიტომ ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით. რიგები აღარ უნდა იყოს და ჩვენს პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ პენსია მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღონ არა ერთ დღეს, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ეპიდემიის გავრცელება განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის კიდევ ერთი ჩვენი ნაბიჯი, რომლითაც გამოვხატავთ პატივისცემასა და ზრუნვას ჩვენი ღვაწლმოსული მოხუცებისადმი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Print