ახალი ამბები
აქცია ცაიშში - ადგილობრივების მტკიცებით, ნაგავსაყრელის მიმდებარედ ანტისანიტარიაა
ცაიშის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და გზა დროებით გადაკეტა. ადგილობრივები სოფლის ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის გამო მომრავლებულ მწერებსა და მიუსაფარ ძაღლებზე საუბრობენ. მათი თქმით, ნაგავსაყრელი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მდებარეობს, იქ არსებული ანტისანიტარია კი მოსახლეობის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ისინი ნარჩენების სპეციალური წესით დამუშავებას და ნაგვის მანქანების დახურული წესით მოძრაობას ითხოვენ.

"ყრიან ნაგავს, არ წამლავენ, არც მიწას აყრიან - ისე ვართ, სტუმარს ვერ ვიღებთ, ბუზებმა შეგვჭამეს. ბრეზენტიც კი არ ახურავს მანქანებს. ან გადაიტანონ, ან სხვანაირად მოაგვარონ ხალხი რომ არ გაწყდეს. საქონელსაც ვერ ვუშვებთ, ისეთი ამბავია", - ამბობენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.

მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში ცაიშელები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. 

თავის მხრივ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში ამბობენ, რომ ნაგავსაყრელი ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს და ცაიშში ყველა წესის დაცვით ფუნქციონირებს.
Print