ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდელებმა უფრო დიდი რაოდენობით დაგვიჭირეს მხარი, ვიდრე პირველ ტურში
ჩემთვის ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა. გავაკეთებ ყველაფერს, იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ზუგდიდელებს, - უთხრა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ზუგდიდელს, რომელმაც მხარი დამიჭირა, რომელიც მოვიდა მეორე ტურში და რომელმაც მომცა მათი წარმოდგენის მანდატი. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ზუგდიდელებმა უფრო დიდი რაოდენობით დაგვიჭირეს მხარი, ვიდრე პირველ ტურში და ეს ჩემთვის უდიდესი პატივისცემაა. თუმცა, ჩემს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს ვიყო მთლიანად ზუგდიდის და თითოეული ზუგდიდელის კეთილსინდისიერი ხმა საქართველოს პარლამენტში", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

კანდიდატის თქმით, ამომრჩევლის დაბალი აქტიურობა ერთის მხრივ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია. გარდა ამისა, ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ამაზე გარკვეული ზეგავლენა ოპოზიციის მიერ მეორე ტურის ბოიკოტირებამ განაპირობა.

მან ჟურნალისტებთან საკუთარ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, მათ შორის კი ხაზი გაუსვა ქალაქის განვითარებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებლების პრობლემას, ეკონომიკურ გამოწვევებსა და ზუგდიდის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.


Print