ახალი ამბები
ზუგდიდში ერთი ტომარა პურის ფქვილი 69-70 ლარამდე გაძვირდება
წინა თვესთან შედარებით ერთი ტომარა (50კგ) პურის ფქვილი 10 ლარამდე გაძვირდა და მისი ფასი მომავალ კვირაში კიდევ უფრო მოიმატებს. ამის შესახებ რადიო „ათინათთან“ ზუგდიდის წისქვილკომბინატ „ცერერას“ ხელმძღვანელმა ბესიკ ხაინდრავამ ისაუბრა. მისივე თქმით, ეს რუსული ხორბლის გაძვირებამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.

„თუ ცოტა ხნის წინ ტომარა ფქვილის შეძენა 55 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა მისი ფასი 64 ლარია. რამდენიმე ღღეში კიდევ, დაახლოებით, 4 ლარით გაძვირდება. რაც შეეხება მარაგს, თითქმის ერთი თვის სამყოფი გვაქვს და შემდეგ ვნახოთ, წინასწარ არ ვიცი შეიქმნება თუ არა ხორბლის დეფიციტი“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

პურის ჯერ არ გაძვირებულა, თუმცა ფასის მომატებას ვარაუდობენ თონეების მფლობელები.

„პურ-ფუნთუშეულზე ჯერ არ მოგვიმატებია ფასი და უკვე რამდენიმე დღეა წაგებაზე ვმუშაობთ. ერთ ტომარა ფქვილს უკვე 65 ლარად ვყიდულობთ. ასე თუ გაგრძელდა მალე მოვუმატებთ. ხალხი გაიგებს, რომ ფქვილი გაძვირდა და ალბათ ჩვენი მხრიდან პურის მომატებასაც ლოგიკურად გაიგებენ“, - გვითხრეს ზუგდიდის ერთ-ერთ თონეში.

კომპანია „ცერერას“ ხორბალი რუსეთის ფედერაციიდან შემოაქვს. აქ წარმოებული ფქვილი სამეგრელოს გარდა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს მიეწოდება. წისქვილკომბინატში დღე-ღამეში 160-დან 200 ტონამდე ხორბალი იფქვევა.

Print