ახალი ამბები
"აფხაზური" დროშის დაწვისთვის დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ირაკლი ბებუას, რომელმაც "აფხაზური" დროშა დაწვა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

"ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან. ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი,  მკაცრად  დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

ირაკლი ბებუა, რომელმაც დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა დაწვა, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დააკავეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოკუპირებულ რეგიონში "გამარჯვების დღეებს" ზეიმობდნენ.

ამავე თემაზე:

სახალხო დამცველი ხელისუფლებას ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებს
Print