ახალი ამბები
სოხუმი: დაკავებულია ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის, ქემალ არძინბას მკვლელობის საქმეზე 1992 წელს დაბადებული ბატალ ფილია დააკავეს. ამის შესახებ "გენერალური პროკურატურა" ავრცელებს ინფორმაციას.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმისშვილზე, ქემალ არძინბაზე შეიარაღებული თავდასხმა 18 მაისს, საღამოს, სოხუმში, ჩაჩბას ქუჩაზე, მისი სახლის სადარბაზოსთან მოხდა. დაჭრილი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ქემალ არძინბას მკვლელობის გამო დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-მ პირად შემადგელობაში განგაში გამოაცხადა და სოხუმიდან გასასვლელები ჩაკეტა.

იმავე დღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრმა დიმიტრი დბარმა განაცხადა, რომ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენეს. გამოძიება კი სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ქემალ არძინბას სახელს აფხაზეთში რამდენიმე კრიმინალური ინციდენტი უკავშირდება. მედიის ცნობით, მასზე თავდასხმის მცდელობა 2004 წელსაც იყო. გასულ წელს , როდესაც ვლადისლავ არძინბას სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ სროლა მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ნათესავებმა დაიწყეს, რომლებიც, თითქოსდა ქემალ არძინბას ეძებედნენ.

რაც შეეხება ეჭვმიტანილს, "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ბატალ ფილიას კარგად იცნობენ აფხაზეთის კრიმინალურ წრეებში. 2015 წელს, ის ცდილობდა ბუნტი მოეწყო დროებითი მოთავსების იზოლატორში, 2019 წელს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკის უკანონოდ შენახვისთვის, 2020 წელს მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, 2021 წლის თებერვალში გაირკვა, რომ ფილია თავისუფალია. მიმდინარე წლის თებერვალში ის სოხუმში დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის. შსს მაშინ იუწყებოდა, რომ დაკავების შემდეგ ფილია შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.


Print