ახალი ამბები
პრემია "ლიტერადან" საკუთარ წიგნს ზვიად კვარაცხელიაც ხსნის
მწერალთა სახლის ლიტერატურული პრემია "ლიტერადან" საკუთარ წიგნს "დარეკე, დაუბარე" ზუგდიდელი მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელიაც ხსნის. ამის შესახებ მან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. კვარაცხელიას ვრცელ პოსტში ვკითხულობთ, რომ მისთვის მიუღებელია "ზემოდან დანიშნული იდეოლოგიური კურატორი" და ამის მაგალითად პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე მოჰყავს, რომელიც წელს აღნიშნული კონკურსში ჟიურის დანიშნული წევრია.

"ის, რომ მწერალი ვარ და წლების წინ რამდენიმე წიგნიც გამომიცია, ჩემთვის მეორეხარისხოვანი გახდა იმ დროიდან, რაც თანამედროვე ქართველი ავტორების აქტიური გამომცემელი გავხდი. ყოველთვის ვცდილობდი, ყველა თაობის უძვირფასეს და უმნიშვნელოვანეს ავტორებთან ურთიერთობას ჩემი მწერლობა არსაიდან შერეოდა, ვყოფილიყავი მხოლოდ მათი რედაქტორი, პოპულარიზატორი, მხარდამჭერი, ქომაგი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც.

მათ შორის იოსებ ჭუმბურიძისაც, რომლის წიგნიც წლების წინ გამოვეცით „ჩანაწერების” სერიით – მასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა მაკავშირებდა და ეს არც ახლა განელებულა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძალიან წამგებიან როლს/პოზიციას დათანხმდა ამ შემთხვევაში. მწერლობას და სამწერლო პროცესს არ სჭირდება ზემოდან დანიშნული იდეოლოგიური კურატორი. ეს ყველა მთავრობას და ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მწარედ უბრუნდება ხოლმე.

ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია პრემია ყველა მწერლისთვის – წიგნის დაფასების, აღიარებისა და მატერიალური თვალსაზრისით, ამიტომ თავს არასდროს მივცემ უფლებას, ვინმეს რამე ვურჩიო ან მოვუწოდო, ან ჩემი, როგორც გამომცემლის პოზიცია გამოვიყენო ამისთვის. თანამედროვე ქართული მწერლობის პრობლემებს არავისზე ნაკლებად არ ვიცნობ, ამიტომ ვფიქრობ, რომ კატეგორიული ლაპარაკი არ მგონია სწორი იყოს.

ჩემი, როგორც ავტორის პოზიცია კი ეს არის – ვხსნი ჩემს წიგნს „დარეკე! დაუბარე!” პრემია „ლიტერადან”.

P. S. პრემია „ლიტერა” დაფუძნების დღიდან მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ლიტერატურულ პროცესზე, და რაც მთავარია, აბსოლუტურად დაცლილი იყო იდეოლოგიური კონიუნქტურისგან. მგონია, რომ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!", - წერს კვარაცხელია.

პრემიიდან საკუთარი წიგნები პროტესტის ნიშნად სხვა ავტორების ნაწილმაც მოხსნა. მათ შორისაა კიდევ ერთი ზუგდიდელი მწერალი გიორგი შონია, რომელსაც პრემია "ლიტერა" აქვს მიღებული.

"გადაწყვეტილება მივიღე "რობოტების ყვავილები" მოვხსნა "ლიტერას" გრძელი სიიდან. რთული გადაწყვეტილებაა, რადგან ძალიან ცოტა ლიტერატურული პრემია გვაქვს საქართველოში და მწერლისთვის თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. თან "ლიტერასადმი" განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს - პირველი ლიტერატურული პრემია იყო, რომელიც მივიღე.

თუმცა "რობოტების ყვავილები" სწორედ ძალაუფლების ცენტრების წინააღმდეგ მიმართული წიგნია და აი, ვერანაირად ჩაჯდება ამ კონტექსტში.

დღევანდელი მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, იმდენად ვუახლოვდებით ბელარუსს, რომ თითოეული ჩვენგანი ისე უნდა დაუპირისპირდეს ამ ბოროტებას, როგორც შეუძლია. ყველა ბერკეტი გამოსაყენებელია!", - წერს გიორგი შონია.

პრემია „ლიტერა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.








Print