ახალი ამბები
ფოთისა და ხობის ეპარქია: დაუშვებელია სასულიერო პირებისგან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოსვლა
ფოთისა და ხობის ეპარქიის მღვდელმსახურებმა ქვეყანაში არსებულ კოვიდვითარებაზე ისაუბრეს და ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. ინფორმაციას ეპარქია ავრცელებს. როგორც ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, სასულიერო პირების მხრიდან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებები მიუღებელია.

"მსჯელობა გაიმართა მოსახლეობის აცრასთან (ვაქცინაციასთან) დაკავშირებულ მითებსა და სხვადასხვა საეჭვო (სპეკულაციური) ინფორმაციების შესახებ, რაც ადამიანებში იწვევს უსაგნო შიშებს, დაბნეულობას და უნდობლობას მედიცინის თანამედროვე შესაძლებლობათა მიმართ, რიგ შემთხვევაში კი რელიგიურ კონტექსტში აღძრავს სახიფათო მოლოდინებს.

საკითხის მიმართ მსჯელობისას გამოითქვა აზრი, რომ მედიცინის მუშაკთა და ზოგადად, მედიცინის თანამედროვე მიღწევებისადმი უნდობლობის გამოცხადება ცოდნისა და რწმენის დაპირისპირების ნიშნებს ატარებს; კაცობრიობის სულიერ-ინტელექტუალური მემკვიდრეობა კი სწორედ ამ ორი ფენომენის - რწმენისა და ცოდნის დაახლოებასა და ურთიერთაღიარებაზეა ამოზრდილი.

შესაბამისად, ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდებო მოწოდებებით გამოსვლა: ჩვენ, ქრისტიანები, გამოცხადების მეშვეობით რწმენისკენ ვართ მოწოდებულნი, მაგრამ ეს მოწოდება სულაც არ ნიშნავს გონების უარყოფას.

ასევე აღინიშნა, რომ არსებობს ფუნდამენტური მნიშვნელობის ისეთი საკითხები, რაშიც სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობდეს საერთო თანხმობა. უამისოდ საზოგადოება ადვილად აღმოჩნდება მოწყვლადი სხვადასხვა გამოწვევის წინაშე", - აცხადებენ ეპარქიაში. 

გარდა ამისა, ტაძრების წინამძღვრებს დაევალათ ეპარქიის ეკლესია-მონასტრებში ზედმიწევნით დაიცვან სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები და რეკომენდაციები.

კრებაზე სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს შრომისთვის მადლობაც გადაუხადეს.

ეპარქიაში საეკლესიო კრებას მეუფე გრიგოლი უძღვებოდა.

Print