ახალი ამბები
პირველკლასელები სწავლას 15 სექტემბრის ნაცვლად, 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყებენ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ამავე ცნობით, პირველკლასელები სწავლას 15 სექტემბრის ნაცვლად, 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყებენ.

„რაც შეეხება პირველკასელებს, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
Print