ახალი ამბები
ასლან ბჟანია ბედიის მონასტრის რესტავრაციაში დახმარებას UNDP-ს სთხოვს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინა მახლს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის საველე მრჩეველს მარია ვოლოშკევიჩს შეხვდა.

აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურის ცნობით, ბჟანიამ შეხვედრისას გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს ბედიის ტაძრის აღდგენაში დახმარების თხოვნით მიმართა. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბედიის ტაძარი "აფხაზეთის ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური სალოცავია".

2012 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბედიის მონასტერში წაიშალა ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის წარწერები და ფრესკები. "აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს უფროსმა" მაშინ განაცხადა, რომ უძველესი ფრესკები უკვე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში განადგურებულია.

ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა. სამონასტრო კომპლექსი ოჩამჩირის სოფელ ბედიაში მდებარეობს.
Print