ახალი ამბები
გალელები ახალი წლიდან ენგურის ხიდს მხოლოდ ფორმა №9-ით ვერ გადაკვეთენ - გალის "ადმინისტრაცია"
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. "ფორმა №9"- ის მოქმედების ვადა 2022 წლის 1 იანვრიდან იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ გალის რაიონის მცხოვრებლები, რომლებსაც მხოლოდ ეს დოკუმენტი გააჩნიათ, სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს ვერ გადაკვეთენ. ამის შესახებ გალის რაიონის "ადმინისტრაციის" ხელმძღვანელის მოადგილემ ჯამბულ კორტავამ განაცხადა, წერს "გალ ტვ".  აქედან გამომდინარე, როგორც კორტავა განმარტავს, გალელებმა, რომლებსაც ჯერ არ წარუდგენიათ შესაბამისი საბუთები "ბინადრობის მოწმობის ან აფხაზეთის მოქალაქეობის მისაღებად", რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთონ ეს, რადგან მხოლოდ ფორმა #9 არ იქნება საკმარისი ენგურის ხიდის გადასაკვეთად. 

მისივე თქმით, "ბინადრობის მოწმობის" მისაღებად ადამიანი, სულ მცირე, 10 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო პირმა, რომელსაც "აფხაზეთის მოქალაქეობაზე აქვს პრეტენზია", საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა განაცხადოს უარი.

სოხუმის მონაცემებით, ამ დროისთვის გალის რაიონში 30 000 - მდე ადამიანი ცხოვრობს, მათგან 5 000-ზე მეტს მხოლოდ ე.წ. "ფორმა №9" გააჩნია, "აფხაზეთის მაქალაქის" პასპორტი მხოლოდ 1049 პირს აქვს, ხოლო ე.წ. ბინადრობის მოწმობა 19 000 ადამიანს აქვს გაფორმებული.

გალის რაიონის მცხოვრებლების თქმით, ე.წ. "ფორმა №9"  ერთ წელზე მეტია გაურკვეველი მიზეზებით არ გაიცემა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ და მხოლოდ ბოლო პერიოდში განახლდა აღნიშნული დოკუმენტის გაცემა.




Print