კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ბაგრატის ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნით შეჩერდა.
როგორც ნიკა ვაჩეიშვილმა აღნიშნა, კიდევ ერთხელ უნდა აიწონ-დაიწონოს სარესტავრაციო სამუშაოები.
„პატრიარქის გუშინდელმა ქადაგებამ შეგვაჩერებინა სარესტავრაციო სამუშაოები. მან თქვა, რომ კიდევ ერთხელ უნდა აიწონ-დაიწონოს ეს სამუშაოები. ჩვენ რა თქმა უნდა, მივყევით მის ნათქვამს. დღეს უკვე სამუშაოები შეჩერებულია. პროექტი, ჩვენი აზრით, ძალიან მაღალხარისხოვნად მიმდინარეობს. ამ პროცესის ფარგლებში შევხვდებით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, დაინტერესებულ მხარეს,“ - განაცხადა ვაჩეიშვილმა.
მისივე თქმით, შესწავლის პროცესი არ დაახანებს. საპატრიარქოსთან შეთანხმებაც მოხდება და სარესტავრაციო სამუშაოებიც მალევე განახლდება.
ნიკა ვაჩეიშვილის განმარტებით, სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერებას ამ ეტაპზე იუნესკოს მხრიდან უარყოფითი პოზიცია არ დაფიქსირებულა.
მასალის გამოყენების პირობები