ახალი ამბები
ინალ არძინბა - ქართველებსა და აფხაზებს შორის პირდაპირი დიალოგისკენ მიმართული პროექტები მიუღებელია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ადგილზე მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ World Vision-ის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს და UNDP (გაეროს განვითარების პროგრამის) აფხაზეთის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. ინფორმაციას უწყების ვებგვერდი აქვეყნებს.

ორგანიზაციების კოორდინატორებთან საუბრისას, ინალ არძინბამ დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის , სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარებისკენ არის მიმართული, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ზოგიერთი პროექტის განხორციელება დე ფაქტო რესპუბლიკაში დაუშვებლად მიაჩნია.

კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორთან საუბრისას არძინბა  შეეხო ორგანიზაციის მიერ 2021 წლის ივნის - აგვისტოში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვას, რომელიც მისი თქმით "შიდაპოლიტიკური ხასიათის საკითხებს და ასევე საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას სწავლობდა". მისი მტკიცებით, "აფხაზეთის რესპუბლიკაში სტატისტიკური საქმიანობის შესახებ" კანონის თანახმად, სოციოლოგიური კვლევების ჩატარება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ" და ორგანიზაციას უბრალოდ არ აქვს ამის უფლება.  ინალ არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის, "როგორც "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი პოზიცია".

"მინისტრმა" განაცხადა, რომ მიუღებელია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც აფხაზებსა და ქართველებს შორის, პირდაპირი დიალოგის დამყარებას ისახავს მიზნად, მათ შორის ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. კერძოდ, COBERM-ის (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი) მიერ აფხაზეთში განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ მსგავს პროექტებს შეცდომაში შეჰყავთ რესპუბლიკის მოქალაქეები.

"ამ პროექტის განხორციელება მიუღებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩაინიშნეთ თქვენთვის და აღარ გააკეთოთ მსგავსი პროექტები აფხაზეთში. ჩვენ გიკრძალავთ ამის გაკეთებას", - განაცხადა არძინბამ.

გასული წლის ნოემბრის ბოლოს, ახლად დანიშნული "საგარეო საქმეთა მინისტრი" ინალ არძინბა სოხუმში გაეროს, "წითელი ჯვრის" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ არძინბას მოადგილე ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი ყველა პროექტი განხორციელდება "საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სავალდებულო შეთანხმებით".

2021 წლის 6 დეკემბერს კი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება მოითხოვდა, რომ მასთან წინასწარ შეთანხმდეს ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

განცხადებაში ნათქვამია ,, რომ "რესპუბლიკის პრეზიდენტის" 2006 და 2019 წლების განკარგულებებით, "საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სფეროში" და სავალდებულოა, რომ მასთან შეთანხმდეს "აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეალიზაციისთვის დაგეგმილი პროგრამები". ეს კი იმას ნიშნავს, რომ უცხოურმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წინასწარ უნდა შეუთანხმონ ახალგაზრდების შეხვედრები, დისკუსიები, მრგვალი მაგიდები და სემინარები, საინფორმაციო მასალების გავრცელება და ასევე, საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მომზადება. გარდა ამისა, უცხოურმა ორგანიზაციებმა უნდა წარუდგინონ მათი პროექტების და პროგრამების განხორციელების ანგარიშები და თანამშრომელთა პერსონალური შემადგენლობა და დოკუმენტები დაფინანსების წყაროებისა და სახსრების ხარჯვის მიზნების შესახებ.

სოხუმში მაშინ არ დაუზუსტებიათ, თუ რა გახდა მსგავსი განცხადების გავრცელების მიზეზი.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა მინისტრად" 18 ნოემბერს დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი. "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" პრესსამსახურის ინფორმაციით, დაურ კოვე, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2016 წლამდე იკავებდა, სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

31 წლის ინალ არძინბა "მინისტრის" პოსტის დაკავებამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახლმწიფო მრჩეველი იყო. 2018 წლამდე ის რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს ხელმძღვანელობდა. 2020 წელს მან დააარსა კონკურსი "აფხაზეთის სიამაყე" ახალგაზრდა მენეჯერებისთვის. 2021 წლიდან ის "პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან ერთად ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერის პლატფორმის "აფხაზეთის მომავალი" საპატიო თავმჯდომარეა", წერდა "აფსნიპრესი".

Print