ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა. აქამდე ამ თანამდებობას ლევან დავითაშვილი იკავებდა, რომლიც ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა.

ახალი მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

„ოთარი არის დევნილი სოხუმიდან, დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, სკოლა დაამთავრა სოხუმში, შემდეგ ცხოვრობდა დევნილობაში ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ წარმატებული მინისტრი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ახალმა მინისტრმა ოთარ შამუგიამ პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალი თანამდებობა მისთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს ასეთი მაღალი ნდობისთვის. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და გარკვეული წვლილი შევიტანო როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებაში. რა თქმა უნდა, მინდა, მადლობა ვუთხრა ლევან დავითაშვილს წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, იმ რეფორმებისთვის, რაც მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სამინისტროში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ახალ, ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ასევე ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნათიას, წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

Print