ახალი ამბები
სეს-მა შოკოლადის საეჭვო პარტიების გამოვლენა დაიწყო
"7 აპრილიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ", - ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.


ამავე ცნობით, სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენისა და ამოღების პროცედურები მყისიერად დაიწყო - იმპორტიორ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საეჭვო პარტიების შესახებ და დაავალა შოკოლადის პროდუქტის (ბრენდი: Uovo Maxi) რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.

გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორები ჩაატარებენ არაგეგმურ ინსპექტირებასა და ზედამხედველობას აღნიშნული შოკოლადის იმპორტიორ ბიზნესოპერატორებთან.

„ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print