ახალი ამბები
საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება. ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.  სააგენტოს ცნობით, ისინი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე ხორცის „QR“ კოდით განთავსება აპრობირებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში და დღეიდან უკვე შესაძლებელია საქართველოშიც.

„ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით“, - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

გარდა ამისა, სასაკლაოების პერსონალს ჩაუტარდა სწავლებები.

მოქმედი კანონმდებლობით, ხორცის ეტიკეტირება სავალდებულოა, თუმცა, ამასთან ერთად, ეტიკეტზე დატანილი იქნება „QR“ კოდი, რაც მომხმარებელს ან დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ცხოველის შესახებ (ადგილწარმოშობა, ვიზუალური მონაცემები, დაკვლის თარიღი, სასაკლაო და ა.შ.) რომლისგანაც მიღებულია ხორცი.


Print