ახალი ამბები
15 წლის ბიჭს საქონლის სასაკლაოზე იძულებით ამუშავებდნენ - შრომის ინსპექცია
შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, არაგეგმიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 15 წლის ბიჭი 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, მის მოვალეობაში კი შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.).

„არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ მუშაობის დაწყებიდან მალევე კომპანიის უფლებამოსილი პირი (დირექტორის მოადგილე/საქმისმწარმოებელი) მას სისტემატიურად სთხოვდა, სასაკლაოს მომიჯნავედ არსებული, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას, რაც გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის მოვლას. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა.

მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან“, - ვკითხულობთ შორის ინსპექციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშო.

უწყებაში განმარტავენ, რომ ყოველივე ამის საფუძველზე მათ დაადგინეს იძულებითი შრომის ფაქტი. ამას გარდა, დარღვეულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც ( 01-126/ნ), რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება. მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

შრომის ინსპექციის სამსახურმა ორგანიზაციას არასრულწლოვნის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისათვის 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. 



Print