ახალი ამბები
სოხუმი - საქართველოს ხელისუფლება სოციალურ ქსელებს აფხაზეთის "სახელმწიფო უწყებების" დისკრედიტაციისთვის იყენებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება სოციალურ ქსელებს აფხაზეთის "სახელმწიფო უწყებების" დისკრედიტაციისთვის იყენებს.

"უკანასკნელ პერიოდში ფიქსირება, დასავლელი მრჩევლების მოწოდებით, საქართველოს მთავრობის მომატებული ინტერესი აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების დისკრედიტაციისა და მათ შორის, კონფლიქტის პროვოცირების მიზნით, სოციალური ქსელების გამოყენებით", - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის განცხადებაში.

სოხუმში ირწმუნებიან, რომ სოციალურ ქსელებში ანონიმური მომხმარებლის უკან "იკვეთება სახელმწიფო მოხელეების ერთმანეთთან დაპირისპირების, ერთის კრიტიკისა და მეორის შექების ტენდენცია".

განცხადებაში ნათქვამია, რომ "მსგავსი საქმიანობა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს" და მიზნად ისახავს "ნეგატიური გავლენის მოხდენას აფხაზეთის სახელმწიფო ხელისუფლების მუშაობაზე, უწყებათაშორისი ურთიერთქმედების ეფექტურობის შესამცირებლად".

რა პროვოკაციებს გულისხმობს მედიაცენტრი, დაკონკრეტებული მის განცხადებაში არ არის.

მედიაცენტრი მოუწოდებს საზოგადოებას, გადაამოწმონ ნებისმიერი ინფორმაცია და მხოლოდ ინფორმაციის გადამოწმებულ წყაროს ენდონ.

უფრო ადრე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ შეშფოთება გამოხატა "აფხაზეთში ქართული და დასავლეთის სპეცსამსახურების მზარდ აქტიურობასთან დაკავშირებით".

აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრად" ინალ არძინბას დანიშვნის შემდეგ, უწყების მხრიდან ანტიქართული განცხადებები გააქტიურდა.
არძინბას თქმით, მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. 

ერთი კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" პროექტი დახურა. საუბარია პროექტზე, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებას ინკლუზიური განვითარების გზით.

31 წლის ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი. მისი წინამორბედი იყო დაურ კოვე, რომელიც ამ პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.

არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014-2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.

ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.

უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში — უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.

Print