ახალი ამბები
ზუგდიდში გენერალ გენო ადამიას ძეგლს დადგამენ
ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის გენერალ-მაიორ გენო ადამიას მემორიალური ბიუსტის განთავსებაა დაგეგმილი. მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას ინფორმაციით აღნიშნული ინიციატივით ადგილობრივ ხელისუფლებას გენო ადამიას თანამებრძოლმა და მეგობარმა ლევან ქეცბაიამ მიმართა. 

"ლევან ქეცბაია თვითონაც იბრძოდა აფხაზეთში და ჰქონდათ მეგობრული უერთიერთობა. სამწუხაროდ, როცა სოხუმი დაეცა, გენო ადამია და მისი რაზმი დარჩნენ იქ, მათ შორის იყო ლევან ქეცბაიაც, რომელმაც მოგვიანებით მოახერხა გამოსვლა, გენო ადამია კი დაიღუპა ოკუპანტებთან ბრძოლაში, 28 სექტემბერს, მდინარე კელასურთან. გამორჩეული ადამიანი იყო და აღნიშნული ძეგლი მისი ღვაწლის ერთგვარი დაფასება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გენო ადამიას არ გააჩნდა სამხედრო განათლება, მან მოხალისეებისგან შექმნა სახალხო გვარდია, რომელიც მოგვიანებით გადაკეთდა 23-ე მექანიზებულ ბრიგადად. მათ არაერთ წარმატებას მიაღწიეს, განსაკუთრებით სოხუმის მიმართულებით ბრძოლებში. სწორედ ამიტომ, მისი ისტორიული მნიშვნელობის თავგანწირვის აღსანიშნავად სურს განმცხადებელს ამ ძეგლის დადგმა", - გვითხრა ლაშა ჯიქიამ. 

გენერალი გენო ადამია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი ცხედარი თანამებრძოლებმა აფხაზეთიდან 1993 წლის ნოემბერში გადმოასვენეს.
Print