ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოდან დაიწყება - naec.ge
ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებლის გამოცდის ძირითადი სესიები დასრულდა.
დღეს, 27 ივლისს კი დასრულდება საერთო სამაგისტრო გამოცდების ძირითადი სესიები. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე ცნობით, გასული წლის მსგავსად, წელსაც კორონავირუსით ინფიცირებულ გამოსაცდელ პირებს შესაძლებლობა აქვთ, საგანგებოდ ორგანიზებულ დამატებით სესიაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი. დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარდა 100-მდე გამოსაცდელისათვის.

"ამ დრომდე დაფიქსირდა სხვადასხვა მიზეზის გამო გამოცდიდან მოხსნის 9 შემთხვევა, მათ შორის 2 - მობილურის შეტანის, 4 - დამხმარე მასალის აღმოჩენისა და 3 - გამოცდაზე სხვის ნაცვლად შესვლის ფაქტი", - ვკითხულობთ Naec.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ დაწყებულია ნამუშევრების გასწორების პროცესი, შედეგები კი ეტაპობრივად აგვისტოს დასაწყისიდან გამოცხადდება.


2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. 41 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტიდან ამ დრომდე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი.



Print