ახალი ამბები
ბოლო ექვს თვეში ავტოავარიით 221 ადამიანი დაიღუპა, 3 538 დაშავდა - სტატისტიკა
2022 წლის იანვარი-ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, შედეგად დაიღუპა 221 და დაშავდა 3 538 პირი. ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შსს-ს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო ექვს თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგდ 16 წლამდე 10 მოზარდი დაიღუპა, ხოლო 408 მოზარდმა ტრავმა მიიღო.

რაც შეეხება წინა წლის ამავე მონაცემებს, 2021 წლის ამავე ორი კვარტლის განმავლობაში 2762 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 189 და დაშავდა 3593 ადამიანი.

„მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 7%-ით, დაზიანებები 1,5 %-ით, ხოლო ლეტალობა გაზრდილია 14,5 %-ით. შემთხვევათა 7%-იანი კლების ფონზე დაღუპულთა ოდენობის 14,5 %-ით ზრდა იმას მიგვანიშნებს, რომ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მიუხედავად ავტოავარიების შემცირებისა, გზებზე მსხვერპლი გვეზრდება.

საერთაშორისო გამოცდილება „უსაფრთხო სისტემის“ (Safe System) დანერგვისკენ მოგვიწოდებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ისინი ლეტალურად და მძიმე შედეგებით არ უნდა სრულდებოდეს. მიმდინარე სტატისტიკა კი გვაუწყებს, რომ საგზაო შემთხვევების შემცირების ფონზე სიკვდილიანობა მკვეთრად იზრდება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და ქვეყანაში შეიქმნას საგზაო უსაფრთხოების ფონდი, რომელიც მეტი ადამიანური თუ ფინანსური რესურსით მიზანმიმართულად იზრუნებს „უსაფრთხო სისტემის“ დანერგვაზე, რაც ითვალისწინებს მეტ მუშაობას ინფრასტრუქტურისა თუ ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებზე, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის გაუმჯობესებაზე, საგზაო შემთხვევის შემდგომი პირველადი სამედიცინო დახმარების დროულად/კვალიფიციურად გაწევაზე და სხვა ძირეულ საკითხებზე“, - აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.


Print