ახალი ამბები
აფხაზეთის უსაფრთხოება გარანტირებულია უწყვეტი კავშირით რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან - ბჟანია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, სანამ "აფხაზეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან, სანამ ერთად არიან, მათ არაფერი ემუქრებათ", რადგან საქართველო უარს არ ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.
ამის შესახებ, მან სოხუმში, ადგილობრივ "აქტივთან 4 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, წერს "აფსნიპრესი".

"აფხაზეთის სამხედრო უსაფრთხოების" შესახებ შესაბამის კითხვაზე პასუხისას, მან აღნიშნა რომ ეს "გარანტირებულია აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მიერ უწყვეტი კავშირით რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან".

მისივე თქმით, აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება ნიშნავს მუდმივად შეიარაღებულ რამდენიმე ათასს ადამიანს: "ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, სურათი სავალალო იქნებოდა. არა იმიტომ, რომ ვინმესი გვეშინია. არ გვეშინია, რადგან მართალი ვართ, მაგრამ მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება და რევანშისტული განწყობები არსად წასულა".

ბჟანიას თქმით, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი აფხაზეთის მთლიან "სახელმწიფო ბიუჯეტზე" მეტია და საქართველო არ ამბობს უარს იმის აღდგენაზე, რასაც საკუთარ "ტერიტორიულ მთლიანობად მიიჩნევს". სოხუმში აცხადებენ, რომ წლევანდელი "სახელმწიფო ბიუჯეტი", რომელიც დიდწილად რუსეთისგან მიღებული დაფინანსებით იქმნება, დაახლოებით 12 მილიარდი რუბლია (დაახლოებით 541 მილიონი ლარი).
Print