ახალი ამბები
საგანგებო სიტუაციების სამსახური - ერთი ტურისტი ნაპრალშია გადავარდნილი და სამაშველო ღონისძიება გრძელდება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ერთ - ერთი მთასვლელი გადავარდნილია ნაპრალში.

უწყების ცნობით მაშველებმა ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია შეძლეს, მათივე განმარტებით დაშავებულები მესტიის  კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება.Შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა ადგილმდებარეობა და მეხანძრე მაშველთა ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით მწვერვალის მიმართულებით ქვეითად გაემგზავრა. რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვასთან დაკავშირებით. გართულებული მეტეო პირობების გამო კი ვერტმფრენით სამაშველო ღონისძიება დღეს დილით განხორციელდა. დაშავებულ მთასვლელთა ინფორმაციით, მათი ჯგუფიდან სამი წევრი გადაადგილდებიან დამოუკიდებლად, ხოლო ერთი-ერთი წევრი გადავარდნილია ნაპრალში, სამაშველო ღონისძიება გრძელდება'', - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უცხოელი ტურისტებისთვის დახმარების გაწევის საჭიროებაზე ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მათივე განმარტებით უამინდობის გამო ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილთან მისვლა ვერ შეძლო. მაშველთა ჯგუფი ტურისტების დასახმარებლად მათკენ ფეხით მიემართებოდა.

სამაშველო სამუშაოებში  ვერტმფრენი დღეს ჩაერთო.




Print