ახალი ამბები
ეკლესია ზემო და ქვემო სვანეთებს შორის მიწის გარშემო დავის მოგვარებას ითხოვს
ცაგერისა და ლენტეხის და მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიებმა ზემო და ქვემო სვანეთის მოსახლეობის ნაწილს შორის სადავო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
ისინი ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

“ჩვენი ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც დაკავშირებულია ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან, ნებსით თუ უნებლიედ, იწვევს სადავო საკითხში ეკლესიის ჩართვის მცდელობას, რადგან ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ლატფარის წმინდა ლუკა მახარებლის სახელობის ტაძარი.

საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მივმართავთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს, ასევე - ყველა შესაბამის უწყებას, რათა დროულად შეიქმნას საკითხის შემსწავლელი კომისია, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან დაინტერესებული მხარეები და საბოლოოდ გადაწყვეტენ სადავო საკითხებს.

ხელისუფლების მიერ ზუსტად დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით ვიმოქმედებთ ჩვენც, რადგან ზემო და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული საზღვარი განსაზღვრავს ჩვენი ეპარქიების იურისდიქციის ფარგლებს და, შესაბამისად, ამა თუ იმ ტაძრის კუთვნილების საკითხსაც”, - ვკითხულობთ ეპარქიების ერთობლივ განცხადებაში.
Print