ახალი ამბები
სოხუმში აცხადებენ, რომ აფხაზეთში მობილიზაციაზე გავრცელებული პანკოვის განცხადება ფეიკია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მიმართვა, რომლითაც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა და მას ყალბი უწოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი "ფეიკ" ინფორმაციით, "ოპონენტებს განზრახული აქვთ აფხაზურ საზოგადოებაში პანიკური განწყობების დათესვა რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფონზე". აქვე აღნიშნულია, რომ "მსგავსი თავდასხმები აფხაზურ - რუსული ურთიერთობების გაუარესებას ისახავს მიზნად. მიმართვის ავტორები მოსახლეობას მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფხიზლე და მხოლოდ "ოფიციალურ ინფორმაციას" დაეყრდნოს.

საუბარია მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელებულა განცხადებას, რომელიც, თითქოს რუსეთის სახელმწიფო მდივნის, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ აფხაზეთი ნაწილობრივ მობილიზაციას ვერ აირიდებს.

გარდა ამისა, "საგარეო უწყებაში" ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამხედრო კომისრის ბესლან თარბას ერთ - ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, "არის კერძო თვალსაზრისი და არ ასახავს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას".

კერძოდ, თარბამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება მობილიზაციის შესახებ ნაწილობრივ აფხაზეთის მოსახლეობასაც ეხება, და თუკი მიიღებენ ოფიციალურ მითითებას, "უკან არ დაიხევენ და  რუსეთს ვალს დაუბრუნებენ".

"სამინისტროს" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "უწყება ასრულებს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში ადრე დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი. სპეციალურ ვიდეომიმართვაში მან აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება.






Print