ახალი ამბები
მოსახლეობის რეაქცია ბიჭვინთის საკითხზე, მობილიზაციაზე - ეს ნიშნებია, რომლებიც უნდა წავიკითხოთ - პრეზიდენტი
საქართველო პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესების ნაწილი ნიშანია, რომელიც საქართველომ კარგად უნდა წაიკითხოს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, სოხუმის დაცემიდან თითქმის 30 წელი გავიდა, რამაც ყველას და აფხაზეთის მოსახლეობასაც აჩვენა, რომ ეს 30 წელი, თითქმის არაფრის მომტანი არ იყო.

„დღევანდელი დღე დამოუკიდებული საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს და ამ დღისთვის დაცემული გმირების ხსოვნა ყველას ვალდებულებაა! ეს მეხსიერება არასდროს არ უნდა დაიკარგოს!

თითქმის 30 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა, რამაც ჩვენ ყველას და აფხაზეთის მოსახლეობასაც აჩვენა, რომ ეს 30 წელი, თითქმის არაფრის მომტანი არ იყო: არც აფხაზეთის კულტურის, არც აფხაზური ენის, არც ეკონომიკისა და არც მისი განვითარებისთვის. ეს არის ის, რასაც დღეს, ალბათ, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდა თაობაც ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის.

და ჩვენ დღეს მზად უნდა ვიყოთ - დავინახოთ და ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო, ახალი პერსპექტივა და ახალი ურთიერთობა იწყება და ამაზე უნდა ვიფიქროთ.

გლოვა არ ყოფნის. გლოვა აუცილებელია, რომ ვიცოდეთ რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ არ შეიძლება გლოვაში ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ მომავალში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი ძალიან სწრაფად და ძალიან ბევრს მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როცა გამოდის იქ, ჩვენი მოსახლეობა ბიჭვინთის საკითხზე; ამას ვხედავთ დღეს, როცა რეაქციები იწყება ამ მობილიზაციაზე. ეს ყველაფერი ის ნიშნებია, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

Print