ახალი ამბები
საქართველოში, შესაძლოა, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს
არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში კონკრეტული, მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს და დაწესდეს რეგულაციები მათ სეიორნობასთან დაკავშირებით 16 წლამდე პირებისთვის.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის ინფორმაციით, ამ კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. იოსელიანის თქმით, შეიქმნება აგრესიული ძაღლის ჯიშების ნუსხა და მოსალოდნელია ისიც, რომ მსგავსი ჯიშების საქართველოში შემოყვანა აიკრძალოს.

„ჩვენ და სხვადასხვა უწყება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია ჩართულია კანონპროექტის შემუშავებაში. ყველა მნიშვნელოვანი საკითხია გათვალისწინებული, რაც საჭიროა, რომ ამ სფეროში დარეგულირდეს, მათ შორის, ცხოველების უკონტროლო მომრავლება, ცხოველთა უფლებების გათვალისწინება, ის შეზღუდვები, რაც ცხოველთა უფლებებს მოჰყვება. მსჯელობის საგანია, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა. მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი. თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს, ან დააძინოს. კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება ეს შეზღუდვა. თუ აიკრძალება პიტბულის ჯიშის ან სხვა აგრესიული ჯიშის ძაღლის გამრავლება, მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა“, - აღნიშნა იოსელიანმა.


მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნება გარკვეულ საათებში ალიკაპით და საბმელით იქნება საჭირო. ამასთან, განსაზღვრული იქნება კონტეინერით გადაადგილება.


Print