ახალი ამბები
საპატრიარაქოს ღონისძიებების გასაშუქებლად მედიისთვის რეგულაციები დაწესდება
.საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერის ანდრია ჯაღმაიძის თქმით ჟურნალისტებს საპატრიარქოს ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციის ფორმების შევსება მოუწევთ და რიგ შემთხვევაში საპატრიარქო თავად გადაწყვეტს კონკრეტულ  ღონისძიებებზე მედიის დასწრების საკითხს.

"გამომდინარე იქიდან, რომ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი არ იზიარებს საპატრიარქოს მიდგომას, შესაბამისად არ იცავს წესრიგს, რომელიც ეფუძნება კანონს. საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით, მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაცია საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც გამომდინარე საჭიროებებიდან, ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით საპატრიარქოს საკუთრების უფლების შესახებ კანონი აძლევს იმის საშუალებას,რომ მის ტერიტორიაზე ქცევის წესები თავად განსაზღვროს და რეგულაციები მიმართულია საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად.

"შესაბამისად, აუცილებელი იქნება, ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, რიგ შემთხვევაში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას, გააკონტროლოს მედიის დასწრების საკითხი", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოს პრესსპიკერმა არც ის გამორიცხა,რომ ზოგიერთ ღონისძიებაზე შერჩევითობის პრინციპით იხელმძღვანელებენ და ამ საკითხს კონკრეტული ჯგუფი გააკონტროლებს.

დღესვე საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე არ შეუშვეს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი.


Print