ახალი ამბები
ექიმის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 7, ხოლო ექთნის 4.4 ლარი იქნება - სამინისტრო
საყოველთაო ჯანდაცვის სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლებს 2023 წლის 1-ელი იანვრიდან უჩნდებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამედიცინო პერსონალის, პირველ რიგში ექიმებისა და ექთნების შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში კი საშუალოდ 1 260 ლარით, ხოლო ექთნების შემთხვევაში საათში 4.4 ლარით, თვეში კი საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება.

ამასთან, სამინისტროს განმარტებით, ამჟამად 9 ათასამდე ექიმი იღებს მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლებ ხელფასს და ექთნების შემთხვევაში ეს რაოდენობა დაახლოებით 8 ათასზე მეტია.

"მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წლების განმავლობაში მზარდი იქნება და 2025 წლისთვის ექიმისთვის 9 ლარით, ხოლო ექთნისთვის - 5.6 ლარით განისაზღვრება", - ნათქვამია განცხადებაში.
Print