ახალი ამბები
ფოთის ბიუჯეტი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონ 580 ათასი ლარით იზრდება
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 28 მილიონ 110 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონ 580 ათასი ლარით მეტია.

მათივე განმარტებით ზრდა შეეხება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ მიმართულებას, ინფრასტრუქტურული პროექტების, განათლების, ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებას.

ბიუჯეტის პროექტი, საჯარო განხილვაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ წარადგინეს.

,,ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით -5 მილიონ 730 ათასი ლარია განსაზღვრული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის - 4 მილიონ 055 ათასი ლარია გამოყოფილი, რის საფუძველზეც იზრდება სოციალური პროგრამების და ქვეპროგრამების დაფინანსება. განათლების მიმართულებით განსაზღვრულია -3 მილიონი 350 ლარი, კულტურის სფეროს, რელიგიის, ასევე ახალგაზრდობის და სპორტის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია -4 მილიონ 953 ათასი ლარი.2023 წელს მუნიციპალიტეტი 6 მილიონიან ტრანსფერს მიიღებს, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული'', - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ მოქალაქეების წინადადებები მოისმინეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ფოტო - ფოთის მუნიციპალიტეტის მერია
Print