ახალი ამბები
სოხუმში "აკრძალული" რუსული "ხაში" თბილისში იყიდება
რუსული კონსერვები "ხაში" და "რუბეცი" თბილისის სავაჭრო ობიექტების დახლებზეც გამოჩნდა. საუბარია პროდუქციაზე, რომელიც სტავროპოლის მხარეში, ნოვოალეკსანდროვსკის ხორცკომბინატშია დამზადებული, წერს "ეხო კავკაზა".

უფრო ადრე, კონსერვები, რომელთა ეტიკეტზე საქართველოს რუკაა, სადაც აფხაზეთი გამოსახულია, როგორც საქართველოს ნაწილი, ბიჭვინთის მაღაზიებში იყიდებოდა, რასაც სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში გამოხმაურება მოჰყვა.

სოხუმის "პროკურატურამ" გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია, ხორცის კონსერვის რეალიზაციის შესახებ და განაცხადა: იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული პროდუქციის "იმპორტი და რეალიზაცია აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე", ე.წ. საბაჟოზე "საქონლის გადაადგილების პროცედურის დარღვევით მოხდა", ინდმეწარმეების მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო პროდუქცია კი ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ ნოვოალეკსანდროვსკის ხორცკომბინატის დირექტორი, წარმოშობით ქართველი, რუსი ბიზნესმენი თორნიკე გულუაა.



Print