ახალი ამბები
ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - წალენჯიხის მერის მანქანა თვითაალებით არ დამწვარა
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით წალენჯიხის მერის მანქანა თვითაალებით არ დამწვარა. ამის შესახებ გია ხარჩილავამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში თანმიმდევრულადაა აღწერილი პროცესი, თუ როგორ გაჩნდა ხანძარი. მისივე თქმით, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი სათვალთვალო კამერაა და პოლიციას დამნაშავის გამოაშკარავება არ უნდა გაუჭირდეს.

"ჩემი ავტომობილი არც თვითაალებით დამწვარა, არც უყურადღებობით, მანქანის დაწვის მიზეზი გახლავთ და ექსპერტიზის დასკვნაში წერია, დადგინდა, რომ ეს გახლავთ ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი და ამავე დასკვნაში აღნიშნული არის მთელი დინამიკა, როგორ მოხდა ეს ხანძარი. მე მინდა გითხრათ ლოკაცია - ჩემი სახლიდან პოლიციამდე გახლავთ 200 მეტრი, ასევე 200 მეტრია სახანძრომდე. ეს პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეოკამერებით, ხანძარი მოხდა ღამის 4 საათზე, როცა ქალაქში თითო-ოროლა მანქანა მოძრაობს. ანუ დადგენა და დაზუსტება ძალიან მარტივია", - თქვა ჟურნალისტებთან წალენჯიხის მერმა.

გია ხარჩილავა დარწმუნებულია, რომ მანქანის დაწვა მისი და მისი გუნდის მიმართ ერთგვარი მუქარის მესიჯია და ეს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

"ჩვენ სწორხაზოვნად მივყვებით პრინციპებს, მივყვებით რეფორმებს, მივყვებით სწორ, სამომავლო საქართველოსთვის არსებულ ღირებულებებს და უკვე უფლება მაქვს, რომ როგორც დაზარალებულმა მხარემ, ვთქვა, რომ ეს გახლავთ გზავნილი ერთადერთი ოპოზიციური მერის და მისი გუნდის მიმართ", - თქვა გია ხარჩილავამ პრესკონფერენციაზე.

მერის პირად მანქანას ცეცხლი 12 ოქტომბერს, გვიან ღამით გაუჩნდა. ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 


Print