ახალი ამბები
ფეხმძიმე ქალები საწარმოებში ფიქტრიურად გააფორმეს და ბიუჯეტიდან 82 ათასი ლარი მიიღეს - ფინანსური პოლიცია
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ფიქტიურად საწარმოებში 82 ფეხმძიმე გააფორმეს და ბიუჯეტიდან 82 ათასი ლარი მიიღეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020-2022 წლებში, ბრალდებულები, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ფეხმძიმე ქალებთან, ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში, რის შემდეგაც, მომზადებულ იქნა ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, შეცდომაში იქნა შეყვანილი სსიპ სოციალურ მომსახურეობის სააგენტო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საწარმოებში თითქოსდა დასაქმებული 82 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისათვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება ჯამში 82 000 ლარის ოდენობით, რაც შემდგომში გაინაწილეს ურთიერთშორის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ შესაბამისი ღონისძიებები ტარდება დეკრეტული შვებულების თანხების დაუფლებასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.


Print