ახალი ამბები
ზუგდიდის ბიბლიოთეკაში ევროპელი მოგზაურების მეგრულ კულინარიულ აღმოჩენებს გააცოცხლებენ
„სამეგრელოს კულინარიული მემკვიდრეობა - ევროპული თავგადასავალი“ - ზუგდიდის ბიბლიოთეკა ახალ პროექტს იწყებს, რომელიც XVII-XIX საუკუნეების ევროპელი მოგზაურების ცნობების მიხედვით სამეგრელოს კულინარიული მემკვიდრეობის გაცოცხლებას ითვალისწინებს. ააიპ-ის ინფორმაციით, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მასტერკლასები სხვადასხვა დროის ინტერვალით ჩატარდება. პირველი შეხვეედრა კი გაცნობითი ხასიათის მატარებელია. 

„ეს არის პროექტი, რომელიც ხანგრძლივი იქნება. გვაქვს უნიკალური მასალა 17-ე საუკუნიდან, თუ რა კერძებს მიირთმევდნენ მეგრელები და რა აინტერესებდათ. თუნდაც, მურიე აქ იყო და დაწერა მოთხრობა „სამეგრელო“. მან დაწერა პირველად, რომ მეგრელები საცივს ადუღებდნენ. მას განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი მეგრული კულინარიისთვის. ხვალ იქნება ძალიან კარგი დღე, მოამზადებენ ღომს, ალბათ, კუჭმაჭს. თუ იქნა აქ მომზადების საშუალება, ან მოიტანენ. კერძებს, რომელთა მომზადებისთვის პირობები იქნება, ადგილზე მოამზადებენ მოწვეული სტუმრები და ამ სახით, საუბრებით, ჩანაწერების გაცოცხლებით, ლექციებით გვსურს ხახს გავაგებინოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის. მით უფრო, რომ ზუგდიდის კულტურული განვითარების სტრატეგია აგებულია კულინარიის თემაზე’, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრს დირექტორმა ბესიკ არახამიამ.

პროექტის პირველი სტუმარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის პროფესიულ კოლეჯ „ლაკადას“ კულინარიის ხელოვნების პედაგოგი ნანა ტაბაღუა იქნება. მასტერკლასებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.


Print