ახალი ამბები
მოსკოვში "აფხაზეთის ელჩად" ალხას კვიცინია დაინიშნა
რუსეთში "აფხაზეთის ელჩად" ალხას კვიცინია დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი, წერს "ეხო კავკაზა".
კვიცინია პარტია "ამცახარას" ყოფილი ლიდერია. ის "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან მიმდინარე წლის 12 აგვისტოს გადადგა.

გადადგომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში კვიცინია ამბობს ბჟანიამ მისი საქმიანობა ასე შეაფასა: "თავი ვერ გაართვა" და აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უარი თქვა მისთვის შეთავაზებულ სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე.

ალხაზ კვიცინიამ მოქმედ "პრემიერ-მინისტრთან", ალექსანდრე ანქვაბთან და ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკის მხარეს მებრძოლ ახრა ავიძბასთან ერთად, გადამწყვეტი როლი ითამაშა 2020 წლის მოვლენებსა და, შესაბამისად, ასლან ბჟანიას "გაპრეზიდენტებაში".

2019 წლის 8 სექტემბერს "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტურში ალხას კვიცინია რაულ ხაჯიმბას კონკურენტი იყო და დამარცხდა. კვიცინიამ ხაჯიმბას გამარჯვება არ აღიარა და სასამართლოს მიმართა. 9 იანვარს ოპოზიციამ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავა.

2020 წლის 10 იანვარს "აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ" დააკმაყოფილა კვიცინიას საკასაციო საჩივარი, რომლითაც არჩევნების შედეგები გააუქმა.

12 იანვარს "ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი - 22 მარტი გამოაცხადა". იმავე საღამოს რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა. 2020 წლის მარტში "საპრეზიდენტო არჩევნებში" ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. კვიცინია "პრეზიდენტის ადმინისტრაციას" 2020 წლის 24 აპრილამდე ხელმძღვანელობდა.

მანამდე "მოსკოვში აფხაზეთის ელჩი" იგორ ახბა იყო. 2021 წლის დეკემბერში ის ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს" სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.



Print