ახალი ამბები
ხვალიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის "მარაოსებრი" გათიშვის გრაფიკი ამოქმედდება
7 დეკემბრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიაზე ისევ შეზღუდვები დაწესდება და "მარაოსებრი" გრაფიკი ამოქმედდება. ინფორმაციას აფხაზური ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ავრცელებს.

ამავე ცნობით, აბონენტებს დღე - ღამის განმავლობაში, სხვადასხვა უბანზე, დენი ორჯერ ორ- ორი საათით გაეთიშებათ. "ჩერნომორენერგოს" ინფორმაციით, გრაფიკის შემოღება ელექტროენერგიის მოხმარების დეფიციტს უკავშირდება, რომელიც 30 მილიონ კვტ/სთ-ს აჭარბებს.

22 ნოემბრიდან აფხაზეთის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია რუსეთიდან მიეწოდება, რაც აჩიგვარას ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს და ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნას უკავშირდება.

ნოემბრის ბოლოს სოხუმში განაცხადეს, რომ რუსულ მხარესთან 280 მილიონი კვტ/სთ ნაკადის მიღებაა შეთანხმებული, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ 2022 წლის ბოლომდე აფხაზეთის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფისთვის 340 მილიონი კვტ/სთ - ია საჭირო.

ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთს "აჩიგვარას" ხაზით მიეწოდება. 11 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ელექტროგადამცემ ხაზებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომელსაც "ჩერნომოროენერგოს" და რუსული კონტრაქტორი კომპანიის ბრიგადები აწარმოებდნენ. ელექტროგადამცემ ხაზზე, რომელსაც "აფხაზური ენერგეტიკის ყველაზე დაუცველ ობიექტს" უწოდებენ სარემონტო სამუშაოები მანამდე არაერთხელ გადაიდო.



Print