ახალი ამბები
ხაბუმეში რომეო ფიჩხაიას სახელობის მონუმენტი დადგეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ტარიელ შენგელიამ საკუთარ ეზოში არსებულ სკვერში რომეო ფიჩხაიას სახელობის მემორიალური დაფა და მონუმეტი დადგა.
ნამუშევრის ავტორი რადიო „ათინათთან“ ამბობს, რომ მონუმენტი ყველა იმ გმირს ეძღვნება, რომელიცც მტერთან ბრძოლას შეეწირა.

„რომეო ფიჩხაია ჩემი ახლობელი იყო, სამწუხაროდ, საფლავიც არ აქვს. მე პატარა ბაღი მაქვს სოფელში და ყველა გმირის პატივსაცემად გავაკეთე ეს. ისინი გმირები არიან, რომეო აფხაზეთშიც იბრძოდა და ყველა მებრძოლი იმსახურებს სახელის უკვდავყოფას. სოფელ ხაბუმეში პატარა ეზო და სკვერი მაქვს, ოსეთის გმირების, აფხაზეთის გმირების სახელზე სხვადასხვა სიმბოლოები მაქვს, მათ შორის ხეები მაქვს დარგული. მე ჩემი მხრიდან პატივისცემა და სიყვარული გამოვხატე მათი სახელის მიმართ“,- უთხრა რადიო „ათინათს ტარიელ შენგელიამ.

3 დეკემბერს ბახმუტთან რუსეთის სარაკეტო იერიშს ხუთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა, მათგან 4 აფხაზეთიდან დევნილია. რომეო ფიჩხაიას, როლანდ კვარაცხელიას, ავთო რურუას, ბადრი მარკელიასა და მერაბ ალადაშვილის ცხედრების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე ომს 36 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.


Print