ახალი ამბები
უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში ორი ადამიანი მიეცა
ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი ამხილა. ამის შესახებ ფინანსური პოლიცია იუწყება. ამავე ცნობით, მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ისინი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან, მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტებს, რომელიც თითქოს უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად.

"უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს, რის შემდეგაც ვადაგასული, უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა თბილისში არსებულ საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით ექვსი ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი.

დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით ისჯება.
Print