ახალი ამბები
საახალწლო ღონისძიების ფეისბუქ ლაივი სენაკის მერიას 7450 ლარი დაუჯდება
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია 13 იანვარს დაგეგმილი კონცერტის სოციალურ ქსელში ტრანსლირების უზრუნველსაყოფად 7 450 ლარს დახარჯავს. სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ საიტზე გაკეთებულ აღწერაში ნათქვამია, რომ საახალწლო ღონისძიების მასშტაბიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი პირდაპირ ეთერში გაშვება.

"აღნიშნული აქტივობების გაშუქებისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენების ხელმისაწვდომობის მიზნით დაგეგმილი გვაქვს ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან, პარალელურ რეჟიმში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება საახალწლო აქტივობებს თვალ-ყური ადევნოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ტელეკომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდებიდან. ვინაიდან, ღონისძიების მაშტაბურობიდან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს მისი პირდაპირი ეთერით ტრანსლირება", - ნათქვამია სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნანა ზარანდიას მიერ ქალაქის მერისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.

საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება.


Print