ახალი ამბები
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" პორტის ახალი პროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ღრმაწყლოვანი პორტის ახალ პროექტს ეხმაურება.


ADC (ანაკლიის განვითარების კონსორციუმის)-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს პროექტის შეჩერების შემდეგ, რეალური და ქმედითი ნაბიჯი მის ბოლომდე მისაყვანად არ გადაუდგამს. 

"ზუსტად სამი წლის წინ ამ დღეს, საქართველოს მთავრობამ არაკეთილსინდისიერად შეწყვიტა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან." ამ პორტს შეეძლო საქართველოს და მისი ეკონომიკის ტრანსფორმაცია, მთავრობას კი ამ სამი წლის მანძილზე, არაფერი გაუკეთებია ცრუ დაპირებების გარდა, თითქოს მხარს უჭერდეს ანაკლიის განვითარებას.

ანაკლიის პროექტი რომ განხორციელებულიყო თავდაპირველი გრაფიკით, პორტის 1 ფაზა ახლა უკვე იმუშავებდა, 900 000-მდე 20 ფუტიანი ტვირთის კონტეინერის (თEU) და 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გამტარუნარიანობით (რაც ბევრად აღემატება ფოთის პორტის დღევანდელ გამტარუნარიანობას). საქართველო მიიღებდა უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს და აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობა ეფექტურად განხორციელდებოდა, რუსული გავლენის გვერდის ავლით.",- ნათქვამია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ოფიციალურ განცხადებაში.

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სამუშაოები  2017 წლის დეკემბერში დაიწყო, თუმცა პროექტი მთავრობის გადაწყვეტილებით მალევე შეჩერდა.

თითქმის ხუთი წლის შემდეგ 2022 წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტი აშენდება და მისი 51 პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

"ის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ტენდერიც კი არ გამოცხადებულა ჯერ, არათუ დაწყებულა პროექტი, იმის ნათელი დასტურია, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს რეალური სურვილი, ანაკლია განვითარდეს",- ვკითხულობთ"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" განცხადებაში.

ამავე თემაზე:

იმედგაცრუება და ოპტიმიზმი - სჯერათ თუ არა ანაკლიელებს, რომ პორტი აშენდება (ვიდეო)

Print