ახალი ამბები
იუვენტუსის ახალგაზრდული აკადემია წალენჯიხაში-მემორანდუმს ხელი ორივე მხარემ უკვე მოაწერა
წალენჯიხის ცენტრალური სტადიონის ბაზაზე იუვენტუსის ახალგაზრდული აკადემია განთავსდება და ჩამოყალიბდება რამდენიმე ასაკობრივი კატეგორია 6-18 წლის ჩათვლით.

ამის შესახებ რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.  მისი ინფორმაციით, მემორანდუმი იტალიურ მხარესთან უკვე გაფორმებულია და თანამშრომლობის ფარგლებში ადგილობრივი სტადიონი სრულად მოერგება იუვენტუსის სტანდარტებს.

ასაკობრივ ჯგუფებს იტალიელ სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივი მწვრთნელები მოამზადებენ. თავის მხრივ კი ადგილობრივი სპეციალისტები მომზადებას იტალიაში, იუვენტუსის ცენტრალურ ბაზაზე გაივლიან. 

"მემორანდუმს ხელი რამდენიმე წუთის წინ მოეწერა,რაც ითვალისწინებს იუვენტუსის იუნიორთა აკადემიასა და წალენჯიხას შორის ურთიერთ თანამშრომლობას.6 წლიდან 18 წლის ჩათვლით ბავშვებს აკადემია აღზრდის როგორც პროფესიონალ ფეხბურთელებს. ჩამოყალიბდება სპეციალური სასწავლო მოდული იმისთვის, რომ 18 წლის ფეხბურთელი უკვე მზად იყოს დიდი ფეხბურთისთვის. ამას გარდა მემორანდუმის ფარგლებში არის ვალდებულება, რომ ცენტრალური სტადიონი იუვენტუსის ბრენდს იყოს მორგებული,რაც ითვალისწინებს,რომ  ფერი, ფორმა, გასახდელი, გაზონის ზომა, კვება, სპორტული მოდული ყველაფერი იყოს იუვენტუსის სტანდარტის და ბრენდის შესაბამისი.

იტალიური მხარე ფეხბურთს უდგება როგორც განათლების სისტემას, მე მგონია,რომ საინტერესო პროექტია რომელიც ჩვენ შვილებს მისცემს შესაძლებლობას, რომ წალენჯიხისთვის ახალი ევროპული ფანჯარა გაიხსნას."-უთხრა რადიო "ათინათს" ბელქანიამ.

იუვენტუსის აკადემიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გასული წლის ნოემბერში დაიწყო.


ამავე თემაზე:
წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნა იგეგმება
Print