ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლიდან არ გავიდნენ და თავი შეიკავონ ქუჩაში მანქანით გადაადგილებისგანაც. ამის მიზეზი, მისი განმარტებით, სტიქიის მოსალოდნელი გაძლიერებაა. 

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საღამოდან ქარის სიძლიერე გაიზრდება დაახლოებით 4-5 მეტრ წამამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ სტიქია იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო. მე მოვუწოდებ მოსახლეობას მაქსიმალური აუცილებლობის გარეშე თავი მოარიდონ ქუჩაში სეირნობას და მანქანით გადაადგილებას", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ამასთან, გიორგი გუგუჩიამ სტიქიის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მოგლეჯილმა ხეებმა ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი კაბელები. მისი თქმით, ადგილზე მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები და "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები მუშაობდნენ.

"ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა, თუმცა, ყველა ფაქტზე მუნიციპალური სამსახურების რეაგირება იყო დროული და მოძრაობის აღდგენა უმოკლეს პერიოდში მოხდა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა, ყველა პრობლემურ ადგილზე "ენერგო პრო ჯორჯის" ბრიგადები მუშაობენ და აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ", - თქვა გიორგი გუგუჩიამ.

სინოპტიკოსების პროგნოზით უამინდობა სამეგრელოში 15 იანვრამდე შენარჩუნდება. განსაკუთრებით ძლიერი ქარი კი 13 იანვარსაა მოსალოდნელი.
Print