ახალი ამბები
სტიქიამ სამეგრელოში 600-მდე სახლი დააზიანა - გიორგი გუგუჩია
სამეგრელოში სტიქიის შედეგებს ითვლიან. პირველადი მონაცემებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში 600-მდე საცხოვრებელი სახლის და კორპუსის სახურავია დაზიანებული. ამის შესახებ ჟურნალისტებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. გიორგი გუგუჩიას თქმით, ძლიერმა ქარმა სამი საჯარო სკოლის სახურავიც დააზიანა.

"უკვე გვაქვს წინასწარი მონაცემები ამ ეტაპისთვის თუ რა ზარალი მიადგა ჩვენს რეგიონს. დახლოებით, 600-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, ნაწილობრივ ან ზოგ შემთხვევაში მთლიანადაა სახურავი აყრილი. აქედან, 30 არის საცხოვრებელი კორპუსი, დანარჩენი კერძო სახლებია. ზარალი თითქმის ყოველ წუთს მატულობს, რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამ სკოლას ახადა სახურავი", - თქვა ჟურნალისტებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დრომდე დენის მიწოდების პრობლემებია სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ხობის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა აბონენტი. ასევე შეფერხებით ხდება მოსახლეობისთვის გაზის და წყლის მიწოდებაც. 

"პრობლემები გვაქვს ელექტროენერგიის თვალსაზრისით. ხობის მუნიციპალიტეტი თითქმის მთლიანად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დენის მიწოდების მნიშვნელოვანი პრობლემაა ფოთშიც, რამაც შესაბამისად გამოიწვია წყლის ნაკლებობა, უბნების ნაწილი წყლის გარეშეა. სამაშველო სამსახურებთან ერთად "სოკარ გაზი" მუშაობს ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტებში. დაზიანებული გაზის მილები, რაც ქარის მიერ ხის წაქცევამ გამოიწვია. "ენერგო-პრო ჯორჯიას" დამატებითი ჯგუფებია გამოგზავნილი აღმოსავლეთ საქართველოდანაც", - აღნიშნა გუბერნატორმა.

სინოპტიკოსების პროგნოზით ძლიერი ქარი კიდევ ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
Print