ახალი ამბები
დღეიდან მედიკამენტების ფასზე მაქსიმალური ზედა ზღვარი განისაზღვრება - სამინისტრო
"15 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასებს განვსაზღვრავთ. უკვე 15 თებერვლიდან სრულად შევა ძალაში და ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს", - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს.

მინისტრის განმარტებით, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა. მან კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ.

"წამლის კანონში ძალიან მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმი ჩავდეთ, რომელიც ნებისმიერი საბითუმო თუ საცალო ქსელისთვის ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ რეგულირების სააგენტოს გამოუჩნდეს ნაშთები, მედიკამენტების ჩამონათვალი და ფასები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, არამხოლოდ რეფერენტული ფასების მიზნებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული რეცეპტების გამოწერასთან, მედიკამენტების მოძრაობასთან ქვეყანაში, ის რომ არ შეიქმნას ხელოვნური დეფიციტი და ა.შ", - თქვა მინისტრმა.

ამასთან, აზარაშვილის ინფორმაციით, უწყება, პარალელურად წამლის მიკვლევადობის სისტემის შექმნაზე მუშაობს. სისტემის საშუალებით, ნებისმიერ პირს და ასევე მარეგულირებელს უჩნდება შესაძლებლობა, შტრიხკოდის საშუალებით, მედიკამენტთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად მიიღოს. მინისტრის თქმით, აღნიშნული ფალსიფიცირებული და ვადაგასული მედიკამენტების მიმოქცევის კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება.
Print