ახალი ამბები
დეკემბერში უაქციზო საქონლის გადაზიდვა - რეალიზაციისთვის 14 ადამიანი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2022 წლის დეკემბერში, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 6 პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 18 052 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 90 000 ლარს აღემატება.

"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის განმავლობაში ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 326 საქმეზე, დანაშაულში მხილებულ იქნა 308 პირი, ჯამში ამოღებულია დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების 587 655 კოლოფი უაქციზო სიგარეტი", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად, დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.



Print