ახალი ამბები
4 ლარი წალენჯიხელი პირველკლასელებისთვის - კვების პროგრამა თებერვლიდან ამოქმედდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველკლასელებს ბარათები დაურიგდებათ, სადაც ყოველდღიურად გასახარჯი თანხა 4 ლარით განისაზღვრა. მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამა თებერვლიდან ამოქმედდება.

ბარათების გამოყენება კი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიასა თუ კვების ობიექტში იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ განცხადებას მუნიციპალიტეტის მერია ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

სპეციალურ საბანკო ბარათებზე შეზღუდვები ვრცელდება - დაბლოკილია თანხის განაღდების და ონლაინ გადარიცხვის ფუნქცია.

"როცა ბავშვი ასრულებს ბაღს და გადადის პირველ კლასში, აქ კვებით უზრუნველყოფის პროგრამა არ მოქმედებს. ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად მშობელს არ აქვს შესაძლებლობა ყოველდღიურად დაუფინანსოს ბავშვს ის 3-4 ლარი, რომელიც მას სკოლაში ყოფნის პერიოდში აუცილებელი კვებისთვის სჭირდება. ანუ ბაღში შეჩვეული ორგანიზმი სკოლაში უკვე რჩება გარანტირებული კვების გარეშე, რაც შეაფერხებს მის ზრდის პროცესს. ამიტომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შექმნილი სოციალური ფონდიდან გამომდინარე, როცა მშობელი ვერ უზრუნველჰყოფს პირველკლასელთა კვებას, რაც მძიმე მორალური სტრესია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა მიიღო ეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და ვართ პირველები,"- ამბობს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

პროგრამაში ჩართვისთვის, პირველკლასელის მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტები წალენჯიხის მერიაში უნდა წარადგინონ. საბუთების მიღება დაწყებულია.


Print