ახალი ამბები
ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს "ევროპული საქართველო" არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს
"ევროპული საქართველოს" ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობა არ განუხორციელებია. აკაკი ბობოხიძის თქმით, ზუგდიდის საკრებულოში მართვის ბერკეტი "ნაციონალური მოძრაობის" და გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" აქვს, ამის მიუხედავად კი საკრებულო ეფექტურად ვერ მუშაობს.

"ამ ორ საკრებულოში (ზუგდიდის და რუსთავის) მართვის ბერკეტები სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" და გახარიას პარტიის ერთობას აქვს, ხოლო "ქართული ოცნება" არის ოპოზიციაში. ამ ორ საკრებულოში არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმისა, თუ რატომ ვერ მუშაობს ეფექტურად საკრებულო, არა ოპოზიცია, არა დეპუტატები, არამედ საკრებულო, იმიტომ, რომ აქ საკრებულოს სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" და გახარიას გაერთიანება წარმოადგენს," - განაცხადა პერსკონფერენცაიზე აკაკი ბობოხიძემ.

ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" 21 წევრი,პარტია "საქართველოსთვის" 3 წარმომადგენელი და "ქართული ოცნების" 20 დეპუტატია წარმოდგენილი.
Print