ახალი ამბები
ყალბი უცხოური პირადობის მოწმობების დამზადება - გასაღების ფაქტზე სამეგრელოში ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ირკვევა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც ტურისტული მომსახურების ოფისი გააჩნდა, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული მეორე პირის დახმარებით, უცხოურ ყალბ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ამზადებდა და შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ დაინტერესებულ პირებზე ასაღებდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია ყალბი მართვის მოწმობების ელექტრონული ვერსიებიც.

"ბრალდებული პირები მხილებულ იქნენ ერთ-ერთ მოქალაქეზე 800 ევროს სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის გასაღების ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღმოჩენილ იქნა უცხო ქვეყნების ათეულობით მოქალაქის ყალბი პასპორტების, ასევე ქართული მართვის მოწმობების ელექტრონული ვერსიები," - ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე - 2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. 

Print